ანალიტიკური მიმოხილვა
გავიხსენოთ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰენრი კისინჯერის ცნობილი ფრაზა: ”თუ მსოფლიოს მართლაც სურს მშვიდობა მან უნდა მიიღოს ამერიკის ყველა წინადადება და განუხრელად იხელმძღვანელოს საერთაშორისო სამართლისა და დიპოლომატიის მხოლოდ ამერიკული პოსტულატებით”. ვფიქრობთ აღნიშნული თეზა 21-ე საუკუნეში გამართლებულია, რადგან ორიენტირებულია პროგრესზე და დემოკრატიული ფასეულობების განვრცობას ემსახურება. მოგვეხსენება დემოკრატიებს შორის ომები იშვიათად ხდება ან საერთოდ არ ხდება, ხოლო, როგორც ზბიგნევ ბრჟეზინსკი აღნიშნავდა ომი სუსტი სახელმწიფოების საქმეა. აღნიშნული მოსაზრებები ატლანტიზმის პოზიტივისტთა ფრთის მოსაზრება იყო, დღეს რეალობა შეიცვალა, „რიმლენდი“ - დასავლეთი ცდილობს მიმდინარე „ცივი ომი“-ის ახალი ფაზის გამწვავებას აარიდოს თავი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არსებული გეოგრაფიული საზღვრების გაფართოებაზე აღნიშნულ ეტაპზე თავს იკავებს. ბოლო პერიოდში თეთრი სახლი ხშირად აკეთებს აქცენტებს უკრაინის კრიზისზე. ვფიქრობთ არანაკლებ მნიშვნელოვანია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და ე.წ. ბორდერიზაციის, მავთულხლართების ინსტალაციის, საკუთრების ხელყოფისა და ადამიანის უფლებების დარღვევის აქტიური პროცესი, რომელსაც რუსეთი გამალებით ეწევა. მართლაც, უკრაინის რეალობა დამძიმდა, თუმცა დასავლეთის წნეხის და პოლიტიკური სიმძიმის გადატანა მხოლოდ უკრაინის საკითხზე ვფიქრობთ შეცდომაა. როდესაც ზესახელმწიფო გლობალურ პოზიციებს თმობს, ისეთი რეგიონალური დონის სახელმწიფო როგორიც რუსეთია თავისი ინტერესების გასატარებლად ამ ხელსაყრელ გარემოებას ბოროტად გამოიყენებს გეოპოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ტრამპმა ვფიქრობთ რეიგანის მოქმედების მეთოდს მიმართა ან ურჩიეს, რომ მიემართა, რომელიც გულისხმობს: „ესაუბრე რუსეთს და პარალელურად იმოქმედე“. გასათვალისწინებელ სიგნალებს ატარებდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველის, ჯონ ბოლტონის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან, სადაც ჯონ ბოლტონმა პრეზიდენტ პუტინის კითხვაზე ბატონი ბოლტონი ზეთის ხილის რტოთი იყო ჩასული, თუ ისრებით, მიიღო პასუხად, რომ ზეთის ხილის რტო ნამდვილად არ ჩაუტანია რუსეთში. აღნიშნული შეხვედრის ქვეტექსტები ცხადჰყოფს, რომ ორ სახელმწიფოს შორის არსებობს მთელი რიგი უთანხმოებები სხვადასხვა გლობალურ საკითხთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ამერიკისგან განსხვავებით, ევროპა დღემდე რუსეთის ენერგო გავლენის ქვეშ არის, აღნიშნულ ბერკეტს რუსეთი კარგად იყენებს თავისი გეოსტრატეგიული ინტერესების გასატარებლად, რის შედეგადაც მთელ რიგ სტრატეგიულ საკითხებში რუსეთის თვითნებობას ევროპა მხოლოდ შეშფოთებით პასუხობს, ყველასათვის ცნობილია, რომ ფსიქოლოგიაში შეშფოთება ქვეცნობიერი შიშის გამოვლინებაა. თუ ევროპის სახელმწიფოების ლიდერებს ჰგონიათ, რომ „ცივი ომი“ დასრულდა, ისინი სცდებიან, მსოფლიოში გავლენის სფეროების გადანაწილება ისეთ აქტიურ ფაზაშია, როგორც ეს მე-20 საუკუნეში იდეოლოგიებს შორის დაპირისპირების დროს იყო. მოწინააღმდეგე აქტორები არ შეცვლილან, ისინი სხვა გეოგრაფიულ სიბრტყეებზე ებრძვიან ერთმანეთს გავლენის მოსაპოვებლად. გლობალური პოლიტიკური პროცესების ფონზე, ისეთი პატარა სახელმწიფოები, როგორებიც პოსტსაბჭოთა სამხრეთ კავკასიაშია ნაცრისფერ დემოკრატიებს წარმოადგენენ, რომელთა ბედი დიდი სახელმწიფოების ინტერესებსა და გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. საქართველოს შემთხვევაში კარგი იქნება, თუ ისრაელის მაგალითის მიხედვით ვიმოქმედებთ და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ავამოქმედებთ სახელმწიფო ბერკეტებს, პირველ რიგში კი დიპლომატიურ აპარატს და სპეცსამსახურებს. რუსეთი იყო და მუდამ იქნება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ შეცვალოს საგარეო პოლიტიკური კურსი და რუსეთის სატელიტობა და ე.წ. რუბლიზაცია ამჯობინოს დასავლური პროგრესული გაერთიანების წევრობას. გავიხსენოთ აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანის ჰენრი კისინჯერის მოსაზრება რომელიც სახელმწიფოს ხელთ არსებულ სხვადასხვა საშუალებებზე საუბრობს: სახელმწიფოს არსენალში არსებობს საიდუმლო ოპერაციები, ისინი ემსახურება სახელმწიფოს ინტერესების დაცვას იმ ვითარებაში, როცა სამხედრო ოპერაცია არ გამოდგება, ხოლო დიპლომატია ვერ მუშაობს”. მოცემულ ეტაპზე რუსეთი აქტიურად იყენებს რეალპოლიტიკის მიერ ნაკარნახებ ძალის მეთოდებს და მოსაზრებას, „მიზანი ამართლებს საშუალებას“ ემხრობა, რაც ლიბელარულ ევროპას წამგებიან პოზიციაში აყენებს. ჰიბრიდული ომის ფორმატში რუსეთი ეფექტურად იყენებს საიდუმლო ოპერაციებს, თუ დავაკვირდებით ევროპაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო სოციალურ აფეთქებაში გადაიზარდა, ყველგან ფიქსირდება რუსეთის სპეცსამსახურების კვალი, ე.წ. „აქტიური ღონისძიებების“ ჩატარებით რუსეთი, სპეცსამსახურების სადაზვერვო აგენტურული ქსელის მეშვეობით ცდილობს უფრო მეტად დაძაბოს დაპირისპირება ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებში და მსგავსი მეთოდებით დაასუსტოს ისინი. ვიცით, რომ არსებობენ ჯგუფები, რომლებიც დასწამებენ რუსეთის ფედერაციას პაციფიზმს და განაცხადებენ, რომ ისტორიულად მოწინააღმდეგე პოლიტიკური გაერთიანებების დასუსტებას არ ცდილობს რუსეთის ფედერაცია.
ვფიქრობთ აღნიშნულ ფონზე, დღეს, როგორც არასდროს მეტად მწვავე გეოპოლიტიკური პროცესების და გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და აქტიური დიპლომატიისა და საგარეო აქტიური ღონისძიებების ტანდემის გარეშე სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ის, რომ ყოველი გლობალური პოლიტიკური პროცესიდან მივიღოთ სარგებელი და ვიხელმძღვანელოთ არა რომელიმე უცხო სახელმწიფოს ინტერესებში, არამედ ეროვნული უსაფრთხოების და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
თორნიკე შურღულაია
ისტორიის დოქტორი, პროფესორი
თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი
