top of page

"ეს არის ოკუპანტის მანევრი და შანტაჟის მეთოდი, თავის მართლების ნაცვლად, ამ ხერხს მიმართეს"


“ოკუპანტების მიერ თითიდან გამოწოვილი ალოგიკური ბრალდება და მანევრი”, – ასე აფასებს ანალიტიკოსი თორნიკე შურღულაია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომ ერგნეთში შეხვედრის ჩაშლა თბილისის მხრიდან მექანიზმის მუშაობის პოლიტიზირების მცდელობებით არის გამოწვეული.

ექსპერტის თქმით, თავის არიდების მიზნით, ბუნებრივია, რომ ეს არის დამნაშავე მხარის რეაქცია.

“თავის მართლების მაგივრად ამ ხერხს მიმართეს. გალის ფორმატიც გაურკვეველი დროით გადაიდო, როდესაც ოთხოზორიას საკითხის ამოღებაზე უარი განაცხადა ქართულმა მხარემ. აპრობირებული შანტაჟის მეთოდებია, რომლითაც სურთ, პრინციპული და საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოქცეული საზარელი დანაშაულებების ჩრდილში მოქცევა”,-განუცხადა თორნიკე შურღულაიამ 2020NEWS-ს.

როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ “სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 89-ე შეხვედრის ჩაშლის გამო.

სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადებით, 14 სექტემბრის შეხვედრის ჩაშლის მიზეზი ის იყო, რომ “მონაწილეთა მიერ წინასწარ შეთანხმებულ დღის წესრიგში თბილისის მოთხოვნით შეიტანეს სამხრეთოსური მხარისთვის მიუღებელი პოლიტიზებული პუნქტები.“

მისივე თქმით, გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ საქართველომ ინტერპოლით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა „სამხრეთ ოსეთის ორ მოქალაქეზე“ და „ამ ყველაფერმა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დელეგაცია აიძულა, შეხვედრა დაეტოვებინა“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ უფრო ადრე „ქართული მხარის კონფრონტაციულმა მოქმედებებმა გამოიწვია ანალოგიური მექანიზმის მუშაობის შეჩერება საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე.“ ზახაროვას განცხადებით, თბილისის კურსი, რომელიც მიმართულია ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის პოლიტიზებისკენ, ქმნის „სასაზღვრო რაიონებში უსაფრთხოების საკითხების პრაქტიკული გადაწყვეტისთვის შექმნილი ამ სასარგებლო ფორმატის დაბლოკვის საფრთხეს.“ ამასთან, ზახაროვა აღნიშნავს, რომ ცხინვალი უარს არ ამბობს შემდგომ მონაწილეობაზე ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს, „გამოიჩინონ საჭირო პრინციპულობა და ხელი შეცნობისათვისუწყონ მექანიზმის მუშაობის დაბრუნებას ნორმალურ კალაპოტში.“

საპასუხოდ ოფიციალურმა თბილისმა “შეშფოთება გამოვთქვა რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს არამარტო ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებს გალსა და ერგნეთში, არამედ მთლიანად ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს”. განცხადებაში, რომელიც საგარეო უწყებამ 2020NEWS-ს მიაწოდა, ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ქართული მხარე მუდმივად აყენებდა აღნიშნულ საკითხს პარტნიორ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მაღალი დონის შეხვედრებზე. საერთაშორისო თანამეგობრობა ერთიანია იმასთან დაკავშირებით, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაზიანება გამოიწვევს ადგილზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული მძიმე ვითარების კიდევ უფრო გაუარესებას.

საგარეო უწყება რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და დაუბრუნდეს სამუშაო პროცესს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში.

„ამ ფონზე კიდევ უფრო დამაზიანებელია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის კომენტარები, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანას ფაქტების დამახინჯების გზით. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და დაუბრუნდეს სამუშაო პროცესს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში, რათა თავიდან იქნას აცილებული ადგილზე ვითარების შემდგომი დესტაბილიზაცია. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ გააძლიეროს ძალისხმევა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების დაუბრკოლებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად, მოლაპარაკებების ფუძემდებლური პრინციპებისა და პროცედურების სრული დაცვით“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 14 სექტემბერს, პროტესტის ნიშნად დატოვეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების 89-ე სხდომა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ერგნეთის შეხვედრის დატოვებამდე ოსურმა მხარემ მოითხოვა დღის წესრიგიდან ამოეღოთ დავით ბაშარულის და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საკითხი. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხების დღის წესრიგიდან მოხსნა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში ულტიმატუმის ენით საუბარი, რადგან მსგავსი მოთხოვნები ეწინააღმდეგება ამ მექანიზმის ფუნდამენტურ პრინციპებს.

13 სექტემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მის მიერ ივლისში გაგზავნილი მასალების საფუძველზე, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა ქართველი სამართალდამცავების მიერ ძებნილი დავით გურწიევის და ალიკ ტაბოევის მიმართ. დე ფაქტო რესპუბლიკის “პროკურატურის” და “უშიშროების კომიტეტის” თანამშრომლებს, გურწიევს და ტაბოევს ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებებში არჩილ ტატუნაშვილის წამება და არჩილ ტატუნაშვილისთვის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა.

თორნიკე შურღულაიას სპეციალური კომენტარი საინფორმაციო სააგენტოთვის www.2020news.ge


Recent Posts
Archive
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
bottom of page