top of page

საქართველო გეოპოლიტიკური პროცესებისა და გამოწვევების წინაშე


დღეისათვის და არა მარტო დღეისათვის ცხელი თემაა ნატოს უკანასკნელი სამიტი ისევე როგორც ვლადიმერ პუტინისა და ტრამპის შეხვედრა. ამ ორ უმნიშვნელოვანეს მოვლენაზე დამოკიდებულია გლობალური განვითარების ორიენტირები. შეფასებები, ანალიზი- ბევრი მოვისმინ-წავიკითხეთ, ადგილობრივი ქართული საექსპერტო თუ პოლიტიკური წრეების მხრიდან მაგრამ გარკვეული უკმარისობის განცდა, როგორც საკითხით დაინტერესებული პირისა და როგორც დამოუკიდებლობაზე პრეტენზიის მქონე მედიის წარმომადგენელეს გამიჩნდა. ამდენად ცვლიელბების დაკვეთასა და მოლოდინში მყოფი (მსოფლიოს თავი დავანებოთ ამ შემთხვევაში ) საზოგადოებისთვის მინიმალური ცვლილების – სიახლის თვალსაზრისით, მსურს შევთავაზო ინტერვიუ პროფესიონალთან სრული სტატუსი : ისტორიის დოქტორი, პროფესორი, თომას ჯეფერსონის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი თორნიკე შურღულაია.

1. რა იყო უმთავრესი ნატოს უკანასკნელი სამიტის შედეგიდან: თავად ალიანსისთვის, დანარჩენი მსოფლიოსთვის, ჩვენთვის.

- დასავლეთი ცდილობს მიმდინარე „ცივი ომი“-ის ახალი ფაზის გამწვავებას აარიდოს თავი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არსებული გეოგრაფიული საზღვრების გაფართოებაზე აღნიშნულ ეტაპზე თავს იკავებს. სამწუხარო ფაქტია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხზე საუბრისას არ ახსენა და არ დაგმო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და ე.წ. ბორდერიზაციის და მავთულხლართების ინსტალაციის აქტიური პროცესი, რომელსაც რუსეთი გამალებით ეწევა, ვფიქრობ უკრაინა-საქართველოს რეალობა განუყოფელია და ზესახელმწიფოს ლიდერის მიერ მათი განცალკევება საქართველოს წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების პროცესს დადებითად არ წაადგება მომავალში. როდესაც ზესახელმწიფო გლობალურ პოზიციებს თმობს, ისეთი რეგიონალური დონის სახელმწიფო როგორიც რუსეთია თავისი ინტერესების გასატარებლად ამ ხელსაყრელ გარემოებას ბოროტად გამოიყენებს. 2. ტრამპმა ხაზგასმით ისაუბრა დაფინანსების ფაქტორის აუცილებლობაზე, შესაძლოა უხეში პასაჟების გამოყენებით მაგრამ ....

- ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომელიც ჯერ კიდევ დემოკრატიული ტრანზაციის პროცესშია და დელეგაციური, კერძოდ ჰორიზონტალური მმართველობის სტილი აქვს და კლიენტელიზმის ის ნიშნები აისახება, რომელსაც ამერიკამ და ევროპამ მე-19 საუკუნეში დააღწია თავს საჯარო სამსახურის პოლიტიკისგან გამიჯვნით, რთული წარმოსადგენია, რომ მხოლოდ ფინანსური დახმარება გამოიყვანს საქართველოს ამ რთული მდგომარეობიდან. მოგეხსენებათ კლიენტელიზმი არის სხვადასხვა სტატუსის მქონე პირთა და ძალაუფლების მქონე პირთა შორის ერთმანეთისთვის სამსახურის გაწევა, რაც გულისხმობს პატრონის მიერ კლიენტისთვის სამსახურის გაწევას კლიენტისგან ერთგულებისა და პოლიტიკური მხარდაჭერის სანაცვლოდ. სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების გაჯანსაღების გარეშე ვფიქრობთ უცხოურ ფინანსურ დახმარებებს არა აქვს ის ეფექტი, რომელიც ექნება საჯარო სამსახურებში არა პარტიული ნიშნით დანიშნულ მოხელეებს არამედ, იმ პრინციპით შერჩეულ მოხელეებს, რომლებიც „ნორთქოუთ-ტრეველიანის ანგარიშის“ მიხედვით გულისხმობდა შემდეგ პრინციპს, იკრძალებოდა პოლიტიკური ნიშნით თანამდებობაზე დანიშვნა, ხოლო საჯარო სამსახურში მოსამსახურეები ცოდნისა და დამსახურების საფუძველზე უნდა დაენიშნათ და დაეწინაურებინათ, მსგავსი პრაქტიკის დანერგვის გარეშე ვფიქრობ საქართველოში სრულყოფილი წარმომადგენლობითი დემოკრატია ვერ დაისადგურებს. პატრიოტიზმი არის პროფესიონალიზმი!!!

3. ნატოს სამიტის თაობაზე მნიშვნელოვანი იყო რფ პრეზიდენტის (რუსული მედიით გავრცელებული ) რეპლიკა, რომ მას შეხვედრის დეტალებს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე საფრანგეთის პრეზიდენტი ე. მაკრონი ''მოუყვებოდა'' .... შემდეგ უკვე ჰელსინკის შეხვედრა იყო

- აშშ-ის პრეზიდენტმა ვფიქრობ რეიგანის მოქმედების მეთოდს მიმართა ან ურჩიეს, რომ მიემართა, რომელიც გულისხმობს: „ესაუბრე რუსეთს და პარალელურად იმოქმედე“. რუსეთში ჩატარებული ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი იმედი მაქვს რუსეთისთვის კოჭის გაგორება არ იყო და რუსეთის დაშოშმინების მიზნით მისი ამბიციების ამ ნაბიჯით დაკმაყოფილებას არ ემსახურებოდა მიზნად. სამწუხაროა, რომ ევროპა რუსეთის ენერგო გავლენის ქვეშ არის, რასაც რუსეთი კარგად იყენებს თავისი გეოსტრატეგიული ინტერესების გასატარებლად და საქართველოს საკითხის ირგვლივ ევროპა შეშფოთებით შემოიფარგლება, როგორც მოგეხსენებათ შეშფოთება ქვეცნობიერი შიშის გამოვლინებაა. 4. ''გადატვირთვის პოლიტიკა ''' დიდი ხნის წინ დაიწყო , ცივი ომიც, როგორც აღნიშნავენ, წარსულს ჩაბარდა. თუმცა პატარა კავაკასიური ქვეყნის მომავალი მნიშვნელოვანწილად კვლავაც მსოფლიოს უდიდესი აქტორების : გავლენაზე ან მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. მისი არჩევანის შესახებაც, პერიოდულად, განსაკუთრებით საპრეზიდენტო და ალბათ, საპარლამენტო შტოსთვისაც, არჩევნების წინ, აუცილებელი ხდება ხოლმე ამის შესახებ დეკლარირება. რა არის ის მთავარი შემაფერხებელი რაც ხელს უშლის ქვეყანას, რომ : აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა და გახდეს დასავლური ცივილიზაციის სრულფასოვანი ნაწილი?

- გავმეორდები და ვიტყვი, რომ თუ ვინმეს ჰგონია, რომ „ცივი ომი“ დასრულდა, ის ძალიან სცდება, მსოფლიოზე გავლენის გადანაწილება ისეთ აქტიურ ფაზაშია, როგორც ეს მე-20 საუკუნეში იდეოლოგიებს შორის დაპირისპირების დროს იყო. მოწინააღმდეგე აქტორები არ შეცვლილან, ისინი სხვა გეოგრაფიულ სიბრტყეებზე ებრძვიან ერთმანეთს გავლენის მოსაპოვებლად. ისეთი პატარა სახელმწიფოები, როგორებიც პოსტსაბჭოთა სამხრეთ კავკასიაშია ნაცრისფერ დემოკრატიებს წარმოადგენენ, რომელთა ბედი დიდი სახელმწიფოების ინტერესებსა და გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. საქართველოს შემთხვევაში კარგი იქნება, თუ ისრაელის მაგალითის მიხედვით ვიმოქმედებთ და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ავამოქმედებთ სახელმწიფო აქტორებს, პირველ რიგში კი დიპლომატიურ აპარატს და საგარეო დაზვერვას. რუსეთი იყო და მუდამ იქნება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ შეცვალოს საგარეო პოლიტიკური კურსი და რუსეთის სატელიტობა და ე.წ. რუბლიზაცია ამჯობინოს დასავლური პროგრესული გაერთიანების წევრობას. 5. არის თუ არა თბილისისთვის ერთადერთი საფრთხე ჩრდილოეთის მეზობელი ? თავისთავად ჩრდილოეთის მეზობელი საფრთხეს წარმოადგენს თავისი დესტრუქციული პოლიტიკის გამო, რომელსაც რამდენიმე საუკუნეა საქრთველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ახორციელებს. რუსეთი მანიპულირებს თავისი შესაძლებლობებით და ენერგო რესურსებით და იყენებს ყველა სახის საშუალებას, რომ თავის იმპერიალისტურ მიზნებს მიაღწიოს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთის სატელიტ და პარტნიორ სახელმწიფოებს აქვთ თავიანთი პირადი ინტერესები და სწორედ აქ უნდა მოახერხოს ლავირება საქართველომ და მიიღოს სარგებელი ან თუნდაც გააჩაღოს შუღლი რუსეთსა და მის პარტნიორებსა და სატელიტებს შორის. ვფიქრობ ძალიან მწვავე გეოპოლიტიკური პროცესების და გამოწვევების წინაშე დგას საქართველო და აქტიური დიპლომატიისა და საგარეო აქტიური ღონისძიებების ტანდემის გარეშე ვფიქრობ სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ის რომ ყველა პროცესიდან მივიღოთ სარგებელი და ვიხელმძღვანელოთ არა რომელიმე უცხო სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ ეროვნული უსაფრთხოებიდან და სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

ინტერვიუ მომზადდა მილენიას მიერ: www.millennia.ge


Recent Posts
Archive
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
bottom of page