top of page

მედიის როლი საქართველოში  საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ფორმირების პროცესში


ზურაბ გორგოძე

შესავალი

,,ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, გვყავდეს მთავრობა გაზეთების გარეშე თუ გაზეთებით, დაუფიქრებლად ვამჯობინებდი მეორეს’’-თომას ჯეფერსონი.

მედია, დასაბამიდანვე დიდ როლს ასრულებდა საზოგადოებრივი აზრის ფორმირების პროცესში. სხვადახვა მოვლენების სწორი ან არასწორი გადმოცემა, ხელს უწყობდა მსოფლიო საზოგადოებებში დადებითი და უარყოფითი დამოკიდებულებების გაღვივებას. დღეისათვის შეიძლება ითქვას, რომ მედია, ერთადერთი მექანიზმია, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოებაში ინფორმირებულობის გაზრდას, მაგრამ გლობალურ სამყაროში მიმდინარე მოვლენებიდან და დიდ სახელმწიფოთა ინტერესებიდან გამომდინარე ტერმინი ,,ცივი’’, რომელიც მედია საშუალებაში პირველად გამოყენა ამერიკელმა ჟურნალისტმა უოლტერ ლიპმანმა, შეცვალა ტერმინმა ,,ჰიბრიდული’’. რუსეთის განახლებულმა ექსპანსიონიზმმა კატალიზატრივით იმოქმედა და ევროპული დემოკრატიის გაფართოების, მხარდაჭერის და დაცვის საქმეში სტრატეგიული ნაკლოვანებები და ტაქტიკური ხარვეზები გამოავლინა. საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და სხვა ფრონტისპირა ქვეყნები, რომელთა ტერიტორიები ოკუპირებულია და ანექსირებულია რუსეთის მიერ, განიცდიან უსაფრთხოების ერთიანი, შეთანხმებული სტრატეგიის ნაკლებობას.[1] ეს ქვეყნები ცდილობენ ააშენონ სტაბილური, თავისუფალი და დასავლურ ღირებულებებზე დაყრდნობით, წარმატებაზე ორიენტირებული სახელმწიფო, მაგრამ ისეთი გამოწვევა, როგორიცაა საინფორმაციო ომი, ხელს უშლის ზემოხსენებულ ქვეყნებში დემოკრატიზაციის პროცესს და ხელს უწყობს საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელებას, რაც იწვევს არასწორი აზრის ჩამოყალიბებას და ანტიდასავლური განწყობის შექმნას. საქართველოს წინაშე ეს პრობლემა სამწუხაროდ მწვავედ დგას და საჭიროებს შესაბამის რეაგირებას, თუ გვინდა, გყვავდეს ჯანსაღი აზრის მქონე საზოგადოება.

მედიის გავლენა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე (უცხო ქვეყნის მაგალითები)

მედია, როგორც მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი ან ელექტრონული საშუალება, არის ინსტიტუტი, რომელიც გავლენას ახდენდა და ახდენს საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ისეთ უმნიშნელოვანეს ასპექტებზე, რომლებიც შემდეგ უკვე განსაზღვრავს, სახელმწიფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის ორიენტირს. განვიხილოთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითი, სადაც ჩანს მედიის გავლენის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

ამერიკის შეერთებული შტატები

ვირჯინიის შტატის დელეგატთა სახლის დემოკრატიული პარტიის წევრი ბერნანდ კოჰენი ამბობდა : ,,მასმედიას არ შეუძლია წარმატებით უკარნახოს ადამიანებს, რა იფიქრონ, მაგრამ მედია გასაოცრად წარმატებულია, როცა ადამიანებს კარნახობს, რაზე იფიქრონ.’’[2]

მასობრივი ინფორმაციის საშუალებას ყოველთვის შეეძლო გარკვეული დადებითი თუ უარყოფითი როლი ეთამაშა ნებისმიერი ქვეყნის ერვნული უსაფრთხოების საკითხებში და მასზე გარკვეული ზეგავლენა ექონია.[3]

ამერიკის პოლიტიკის მუდმივი თემაა პრესის თავისუფლებასა და ეროვნულ უსაფრთხოებას შორის ბალანსის დაცვა. კონსტიტუციის პირველ შესწორებაში პრესის თავისუფლების გარანტიაა ჩადებული. ამავდროულად, შეიძლება გარკვეული ინფორმაციის საჯარო გავრცელებამ ეროვნულ უსაფრთხოებას შეუქმნას საფრთხე. მაგალითად : ღორების ყურის ინციდენტი (ესპანურად Bahia de Cochinos) რომლის შესახებაც პრეზიდენტი კენედი სიტყვით გამოსვლაში ამბობდა : ,,შეიძ;ება ღორების ყურის ოპერაცია ჩავარდა, მრაგრამ ცივი, გამოუცხადებელი ომის კონტექსტი ისევ არსებობდა’’. ,,ჩვენი მტრები ღიად ამაყობენ, რომ ჩვენი გაზეთებიდან მოიპოვეს ინფორმაცია, რომლისთვისაც სხვაგვარად აგენტები უნდა დაექირავებინათ.’’ ამდენად მედიის წარმომადგენლებმა მარტოოდენ ის კი არ უნდა იკითხონ - ,,არის თუ არა ეს ახალი ამბავი?’’ ისინი იმაზეც უნდა დაფიქრდნენ, ,,არის თუ არა იგი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში?’’[4] აქვე მსურს მოვიყვანო საქართველოში რამდენიმე თვის წინ მომხდარი მოვლენის შესახებ მაგალითი. ბერი გამრიელ სალოსის ქუჩაზე 22 ნოემბერს განხორციელებულ სპეცოპერაციას ტელე-მედია საშუალებები ინტენსიურად აშუქებდნენ, რასაც საზოგადოებაში მოჰყვა განცდა, რომ ეს ქმედება ხელს უწყობდა ქართული სპეციალური დანიშნულების რაზმის მოქმედებების შესახებ, ტერორისტებისადმი ინფორმაციის მიწოდებას, რამაც გარკვეულ წილად ჩამოაყალიბა საზოგადოებრივი აზრი, რომ თითქოს მედია უნდა შეიზღუდოს, როდესაც საქმე ეხება ეროვნულ უსაფრთხოებას.

ამერიკის ისტორიაში, მედიის გავლენაზე საუბრისას ასევე დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ უოტერგეიტის სკანდალს. სასტუმრო “უოტერგეიტში” განლაგებლი დემოკრატიული პარტიის შტაბბინაში შეჭრის ფაქტი, რომელიც მალე ყველას დაავიწყდა, გაზეთ The Washington Post –is წყალობით სკანდალად იქცა. “უოტერგეიტის” საქმის გახსნა გაზეთ The Washington Post–is ორი ახალგაზრდა ჟურნალიტის – ბობ ვუდვორდისა და კარლ ბერნსტეინის მიერ დაწერილი პატარა სტატიებით დაიწყო.[5] პირველად აშშ-ის ისტორიაში პრეზიდენტმა თავისი პოლიტიკური მიზნების გამო ამერიკელი ხალხი მოატყუა, ასევე პირველად აშშ-ს ისტორიაში პრეზიდენტი საკუთარი ნებით გადადგა თანამდებობიდან. 1972 -76 წლებში ვუდვორდი და ბერნშტეინი ამერიკის ყველაზე ცნობილი ჟურნალისტები გახდნენ, მათი სახელი დღემდე ასოცირდება რეპორტიორებთან, რომლებმაც გამოააშკარავეს ამერიკის პოლიტიკაში უდიდესი უკანონობა. ვუდვორდისა და ბერნშტეინის საქმიანობამ დიდი გავლენა მოახდინა, როგორც საზოგადოებრივ ასევე პოლიტიკური ცხოვრების ახლებურად ფორმირების პროცესს და სათავე დაუდო საგამოძიებო ჟურნალისტიკის განვითარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

არაბული გაზაფხული

ექსპერტების მიერ სახელდება „არაბული გაზაფხულის“ გამომწვევი მრავალი მიზეზი. ბევრი მიიჩნევს, რომ რევოლუციები მოხდა მხოლოდ რომელიმე ერთი ფაქტორის გამო. ბევრი არაბული მღელვარების ზრდას მხოლოდ შიდა ვითარებას ან მხოლოდ საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს.[6]

სხვადახვა ფაქტორებთან ერთად ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არაბულ გაზაფხულთან დაკავშირებით, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი განწყობების შექმნა უმეტესად მედია საშუალებებმაც გამოიწვია. იმისათვის, რომ პროტესტი აგორებულიყო აუცილებელი იყო რაიმე საბაბი, რომელიც აღაშფოთებდა ხალხს. ეს საბაბი აღმოჩნდა 2010 წლის 17 დეკემბერს ტუნისში ქუჩაში მოვაჭრე ახალგაზრდა მუჰამედ ბუაზიზის პროტესტის უკიდურესი გამოვლინება. მან ბაზრის წინ თავი დაიწვა იმის გამო, რომ სამართალდამცავებმა ჩამოართვეს სასწორი და აუკრძალეს ვაჭრობა. ბუაზიზის, რომელიც ძლივსძლივობით არჩენდა ოჯახს, არ ჰქონდა თანხა, რომ ქრთამით მაინც მოეშორებინა თავიდან პოლიცია. მუჰამედ ბუაზიზიზს სუიციდის ამსახველი კადრები უსწრაფესად გავრცელდა არაბულ სამყაროში და მთელ მსოფლიოში სოციალური ქსელების მეშვეობით. სწორედ აქ იკვეთება „არაბული გაზაფხულის“ დაწყების სხვადასხვა მიზეზებიდან, ერთ-ერთის უდიდესი მნიშვნელობა – სოციალური ქსელების როლი რევოლუციებში. რომ არა ინტერნეტ ქსელები: ფეისბუქი და ტვიტერი, მუჰამედ ბუაზიზის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია არაბულ ქვეყნებში ვერ გავრცელდებოდა. მითუმეტეს, რომ დიქტატურის პირობებში ტელევიზია და სხვა საინფორმაციო საშუალებები აბსოლიტურად მონოპოლიზებული იყო ხელისუფლებების მიერ.[7]

საქართველოს წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები

საქართველოში განათლების თვალსაზრისით არც ისე საამაყო შედეგი გვაქვს, მაგრამ ეს კიდევ სხვა საკითხია. როდესაც განათლებას არ ძალუძს შექმნას გარკვეული საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ცხოვრების ამინდი, ამ როლს ითავსებენ მედია საშუალებები და სოციალური ქსელები. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოსთვის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელმაც შეიძლება ქვეყანას კონვენციურ ომზე უფრო დიდი ზიანი მიაყენოს, არის ,,ჰიბრიდული ომი’’, რომელიც მიმართულია მოსახლეობის იდეოლოგიური გახრწნისა და ანტისახელმწიფოებრივი აზროვნებისკენ. რუსეთი ,,ჰიბრიდულ ომს’’ აწარმოებს არა მარტო საქართველოს, არამედ ყველა იმ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც შედის მის ინტერესებში.

2013 წლის 27 თებერვალს ნაკლებად ცნობილ გაზეთ ,,სამხედრო-სამრეწველ კურიერი’’-ში გამოქყეყნდა სტატია, რომელიც გამოაქყვეყნა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა.[8] ამ სტატიას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, კრემლის მიერ წარმოებული ახალი ტიპის ომის გასაგებად. სტატიაში აღნიშნულია, რომ საჭიროა პოლიტიკური, ეკონომიკური, საინფორმაციო და სხვა არასამხედრო ზომების გატარება მოსახლეობის პოტენციურად საპროტესტო სეგმენტთან მჭიდრო კოორდინაციაში.[9]

ამ ყველაფრის არსი კი არის ის, რომ თანამედრვე ომში უმთავრესი სამიზნე არის გონება და შესაბამისად დომინანტური ადგილი საინფორმაციო და ფსიქოლოგიურ ომს ეთმობა, რომლის მიზანია მოსახლეობის მორალური და ფსიქოლოგიური გატეხვა და ამ დროს უხეში ძალის ინსტრუმენტის გამოყენების საჭიროება ძალზედ დაბალია და არაეფექტიანიც კი.

პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, რუსული პროპაგანდა საქართველოში კომპლექსური ხასიათისაა. რუსულ პროპაგანდისტულ პლატფორმებთან ერთად რუსული პროპაგანდის ქსელი მოიცავს ასევე ქართულენოვან ტაბლოიდურ მედიასაშუალებებს, პოლიტიკურ პარტიებს, მართლმადიდებელ სასულიერო პირებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ეგრეთ წოდებულ საბჭოთა ინტელიგენციას, რომელიც კვლავ სერიოზულ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 93% ინფორმაციას საერთაშორისო მოვლენების შესახებ ქართული ტელეარხებიდან იღებს და მათი უმრავლესობა (84%) ენდობა მათ.[10] ქართულ მედია საშუალებებს შორის არიან ისეთებიც, რომელთა განცხადებებშიც, ნათლად არის გამოკვეთილი კრემლის მხარდამჭერი ანტიდასავლური გზავნილები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოებაში ანტიდასავლური განწყობის შექმნას და შესაბამისად ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენას.

საქართველოში არსებობს სხვადასხვა პარტიებიც, რომლებსაც კრემლის გავლენა ეტყობათ, მაგ : „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ უბლოკო სტატუსისა და ნეიტრალიტეტის ინიციატივით გამოვიდა, ნინო ბურჯანაძე აცხადებდა : „არც NATO-ს, არც ამერიკის და არც რუსეთის ჯარი, და საქართველო არ უნდა გაწევრიანდეს არცერთ სამხედრო ალიანსში“, ამ ინიციატივას სხვა კრემლისტური პარტიებიც იზიარებდნენ, მათ შორის „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოც“. ნინო ბურჯანაძის პარტია ასევე ამკვიდრებდა აზრს, რომ ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვას გამოიწვევდა.[11]

საქართველოში სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევა, როდესაც მოსახლეობა ექცევა სხვადასხვა ანტიდასავლური მედია საშუალებების გავლენის ქვეშ,რაც ხელს უწყობს საზოგადოებაში არასწორი შეხედულებების დამკვიდრებას, რომლებიც სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსის ორიენტირს. ზემოხსენებულიდანაც ჩანს, რომ მოსახლეობის 84% ეყრდნობა სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ გამოქყვეყნებულ ინფორმაციებს ისე რომ არ ხდება მათი რევიზია და სხვადასხვა წყაროების გამოყენებით გადამოწმება. მაგალითად, პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია, გაზეთ ,,ასავალ-დასავალი’’-ში წერს, რომ : ,,აშშ ეწინააღმდეგება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და ხალხებთან დაახლოებას’’,[12] რაც მცდარია, იმ შემთხვევაში თუ ჩვენ რეალურ წყაროებზე დაყრდნობით ვიმსჯელებთ, ვნახავთ, რომ სინამდვილეში : ,,ამერიკის მთავრობა აფინანსებს არაერთ პროექტს, რომელიც ხელს უწყობს სახალხო დიპლომატიას ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებთან.’’[13]

შესაბამასდ, საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემები და გამოწვევები, მოითხოვენ სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას, რათა არ მოხდეს მოსახლეობის იდეოლოგიური გახრწნა და საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების არასწორი ფორმირება.

დასკვნა

მსოფლიოსა და საქართველოს ისტორიული გამოცდილებების მაგალითზე დაკვირვებით, ნათლად ჩანს, რომ თანამედროვე გლობალიზებულ და საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემაში, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მედია საშუალებებს და მათ მიერ განხორციელებულ მოქმედებებს, როგორც საზოგადოებრივ, აგრეთვე პოლიტიკური ცხოვრების ფორმირების პროცესსა და მათ წარმართვაში. განვიხილეთ მაგალითი აშშ-სთან დაკავშირებით და ვნახეთ, რომ ზოგჯერ საჭიროა მედია საშუალებებსა და სახელმწიფოს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა, რადგან თავიდან იქნას აცილებული ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მოსალოდნელი საფრთხეები. ვნახეთ, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ერთ პატარა ფაქტსაც კი, როდესაც სოციალური მედია ინტენსიურ მოქმედებებზე გადადის. ხოლო საქართველოს მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფო ვალდებულია გააკონტროლოს მედია საშუალებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შიდა და საგარეო დონეზე, და მოახდინოს ყველა არსებული საფრთხის მიმართულებით დროული პრევენცია, რათა თავიდან ავიცილოთ, ქვეყნის საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ფორმიერების არასწორი მიმართულებით განვითარება და ხელი შევუწყოთ ღირსეული, ტრადიციული და დასავლურ ღირებულებებზე შექმნილი სახელმწიფოს მშენებლობის პროცესს.

გამოყენებული წყაროები:

[1] - ჰიბრიდული ომი და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების ლანდშაფტის ცვლილება - ეკონომიკური ნატო(ანალიტიკური დოკუმენტი N1)

[2] - ამერიკის საგარეო პოლიტიკა - ბრუს ჯენტლესონი. გვ.82-83

[3] - სოციალური მედია და ეროვნული უსაფრთხოება - IDI (Internet Development Initiative)

[4] - იქვე

[5] - https://www.radiotavisupleba.ge/a/1541535.html

[6] -https://mariotiashvili.wordpress.com/2013/12/10/%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1/

[7] - იქვე

[8] - ჰიბრიდული ომი და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოოების ლანდშაფტის ცვლილება - ეკონომიკური ნატო(ანალიტიკური დოკუმენტი N1)

[9] - იქვე

[10] – MDF - მედია განვითარების ფონდი - ,,კრემლის გავლენის ინდექსი 2017’’

[11] – MDF - მედია განვითარების ფონდი - ,,ანტიდასავლური პროპაგანდა’’

[12] - იქვე

[13] - https://euvsdisinfo.eu/?s=georgia


Recent Posts