მოწინააღმდეგე სპეცსამსახურების საქმიანობის სპეციფიკა – "ცივი ომის" ახალი ფაზა

კაცობრიობის ისტორია სასიცოცხლო სივრცისთვის ბრძოლის უწყვეტ ხაზს წარმოადგენს. ინგლისელმა გეოგრაფმა, ოქსფორდის პროფესორმა ჰელფორდ მაკინდერმა, რომელიც შემდეგ ლონდონის ეკონომიკურ სკოლას ხელმძღვანელობდა, ხოლო 1910-დან 1922 წლამდე თემთა პალატის წევრი გახლდათ, წარმოადგინა შემდეგი იდეა: პლანეტარული თვალსაზრისით სამყაროს ცენტრში დგას ევრაზიის კონტინენტი, ხოლო მის ცენტრში – „სამყაროს გულში“ ან „ჰართლენდში“ - შუამდებარე მიწა, რომელიც არის მსოფლიოს კონტროლის მნიშვნელოვნად ხელსაყრელი გეოგრაფიული პლაცდარმი. „ჰართლენდი“ მოიცავს პირველყოვლისა რუსეთს, ბალტიის ზღვას, დუნაის, მცირე აზიას (თურქეთს), ამიერკავკასიას, ირანს, მონღოლეთს. „ჰართლენდსა“ და ევროპის სანაპირო სარტყელს შორის დემარკაციულ ზონას წარმოადგენდა გერმანია. ჩრდილოეთ ამერიკა, იაპონია, ავსტრალია, აფრიკა და ინგლისი მაკინდერის რუკაზე მიეკუთვნებიან „საგარეო ან კუნძულოვან ხაზს“. ჰართლენდი (შუამდებარე მიწა) „მსოფლიო კუნძულზე“ კონტროლის უზრუნველმყოფია. რომ არ მოხდეს მოვლენათა არასასურველი განვითარება, საზღვაო ქვეყნები (აშშ, ინგლისი და იაპონია) უნდა გაერთიანდნენ და გადამწყვეტი ბრძოლა აწარმოონ „ჰართლენდის“ სიღრმეებში შესაღწევად. ამ მიმართებით მეტად მნიშვნელოვანია შავ და ბალტიის ზღვებს შორის არსებული აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორია. მაკინდერის გეოპოლიტიკურმა კანონმა 3 მაქსიმის სახით დიდი მნიშვნელობა შეიძინა: ის, ვინც აკონტროლებს აღმოსავლეთ ევროპას, აკონტროლებს „ჰართლენდს“; ვინც აკონტროლებს „ჰართლენდს“, აკონტროლებს მსოფლიო კუნძულს; ვინც აკონტროლებს მსოფლიო კუნძულს, აკონტროლებს მთელ სამყაროს. აღნიშნულ იდეას იზიარებს კრემლის იდეოლოგი და პუტინთან დაახლოებული პირი, პოლიტოლოგი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე დუგინი, რომელიც გამოირჩევა იმპერიალისტური განცხადებებით. სწორედ ეს არის რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების მიზანი - თუ მსოფლიოზე არა, ევრაზიაზე მაინც დაამყაროს ბატონობა და შექმნას ახალი იმპერია.
სამწუხაროდ, საქართველო აღნიშნული გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, სწორედ რომ რუსეთის ინტერესებში მოწინავე ადგილს იკავებს. უახლესი ისტორიიდან გავიხსენოთ მოვლენები, როდესაც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საქართველოს მიერ უბლოკო სტატუსის გამოცხადებამ გამოიწვია ბრიტანეთის სამხედრო ძალების გასვლა ქვეყნიდან, რითაც ისარგებლეს ბოლშევიკებმა და «გააწითლეს» საქართველო, რის შემდეგაც 70 წელი უფუნქციო და ცენტრიდან მართული ქვეყანა მივიღეთ. 1991 წელს ნანატრი დამოუკიდებლობა დაიბრუნა საქართველომ - სისხლის ფასად, თუმცა ღირსეულად, მაგრამ რუსეთი დღემდე ვერ ეგუება საქართველოს დამოუკიდებლობას და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ამუშავებს მონსტრი სპეცსამსახურების მთელს არსენალს. რუსეთის სადაზვერვო სამსახურები გამუდმებით ცდილობენ, ლეგალური თუ არალეგალური მეთოდებით მოიპოვონ მათთვის სასურველი ინფორმაცია, შეაღწიონ ხელისუფლების ორგანოებსა და ქვეყნის უსაფრთხოების სტრუქტურებში, მიიღონ წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებაზე, გადაიბირონ ან ჩანერგონ კონკრეტული პირები საქართველოზე პოლიტიკური, დიპლომატიური, სამხედრო და ეკონომიკური უპირატესობის მოპოვების, ქვეყნის პოლიტიკაზე ზეგავლენის, სახელმწიფო სტრუქტურების დესტაბილიზაციისა და საკუთარი მიზნების რეალიზების მიზნით. რუსეთის ფედერაციის ძირითადი სპეცსამსახურები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ საქართველოზე, არიან: ГРУ - თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველო, СВР - საგარეო დაზვერვის სამსახური და ФСБ - ფედერალური უსაფრთხოების სამსახური.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველო, ე.წ. გრუ, მუშაობს კონფლიქტური რეგიონებიდან, საქართველოს კონფლიქტურ ზონებში ქმნის აგენტურულ ქსელებს, ძირითადი ინტერესის ობიექტი და სამიზნე საქართველოს თავდაცვისუნარიანობაა. სტრატეგიული აგენტურული დაზვერვის წარმოების მიზნით გრუ საელჩოს საფარქვეშ მოქმედებს, თუმცა საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ძირითადად აწარმოებს დივერსიულ და ტერორისტულ აქტებს სასაზღვრო ზოლში. გრუ-ს შესახებ არსებობს ისტორიული ჩანაწერები, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში გრუს რეზიდენტს თავისი თანამშრომელი შეეძლო ადგილზე დაეხვრიტა, თუ მას მის ლოიალობაში შეეპარებოდა ეჭვი. გრუ-ს სპეცდანიშნულების რაზმის ფუნქციებია ცხელ წერტილებში დაზვერვის წარმოება და საჭიროების შემთხვევაში პოტენციური მოწინააღმდეგის სამხედრო/სტრატეგიული საშუალებების განადგურება. საომარი მოქმედებებისას მტრის ზურგში დაზვერვის წარმოება და დივერსიული-სადაზვერვო მოქმედებები. საქმიანობის საწყის ეტაპზე გრუ-ს სპეცრაზმის მიზნებში შედიოდა რუსეთის ინტერესის ქვეყნებში რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი გამოჩენილი სამხედრო და პოლიტიკური პირების განადგურება, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული მოქმედება სპეცსამსახურის საქმიანობის სპეციფიკიდან „ოფიციალურად“ ამოიღეს. აგენტურული დაზვერვის გარდა გრუ აწარმოებს აგრეთვე კოსმოსურ და ტექნიკურ დაზვერვას. გრუ აგრეთვე ჩართულია ან/და მოქმედებს მსოფლიოში მიმდინარე თითქმის ყველა კრიზისსა, თუ კონფლიქტურ ზონაში.
„გრუ“-ს ოფიცრების სპეციალური მომზადება მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-დიპლომატიურ აკადემიაში, ე.წ. კონსერვატორიაში. მომზადება ხდება სამ ძირითად ფაკულტეტზე:
სტრატეგიული აგენტურული დაზვერვის ფაკულტეტი - ამზადებს მსმენელებს, რომლებიც შემდეგში დასაქმდებიან საელჩოს საფარქვეშ მოქმედ რეზიდენტურებში.
აგენტურულ-ოპერატიული დაზვერვის ფაკულტეტი, ამზადებს სამხედრო ატაშეებს.
ოპერატიულ-ტაქტიკური დაზვერვის ფაკულტეტი, ამზადებს ოფიცრებს, რომლებიც სამხედრო შტაბის ოლქებში ნაწილდებიან.

ფსბ. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური. მუშაობს კონფლიქტური რეგიონიდან, სასაზღვრო ზოლში განთავსებული არიან მესაზღვრეები, ე.წ. პაგრანიჩნიკები, რომლებიც ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში შედიან. ფსბ სასაზღვრო ზოლში ქმნის აგენტურულ ქსელებს. სპეცსამსახურების ზოგადი პრაქტიკიდან გამომდინარე ფსბ იყენებს საელჩოს საფარს. აღნიშნული სამსახური ძირითადად მუშაობს საგარეოკონტრდაზვერვის მიმართულებით საელჩოს შიგნით, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ხელი ეშლებათ იმუშაონ საქართველოს მოქალაქეებზე. მათი ძირითადი სამიზნეა რუსეთში მყოფი ქართველები და ზოგადად ეთნიკურად ქართველები და საქართველოს მოქალაქეები ან საქართველოდან ხშირად ჩამსვლელი ქართველები, რომლებიც საგანმანათლებლო გაცვლით პროგრამებში ან სხვა სამეცნიერო თუ კულტურული მიზეზით სტუმრობენ რუსეთს. ყველა უნივერსიტეტსა თუ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფსბ-ს ყავს ჩანერგილი უსაფრთხოების ოფიცრები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე სტუდენტებს აკვირდებიან და შეისწავლიან, რომ შეირჩეს საუკეთესო უნარების მქონე ახალგაზრდები, რომ შემდგომში მოხდეს კარგი სპეციალისტების გადინება უსაფრთხოების სფეროში, ხოლო უცხოელ სტუდენტის შესწავლა მიმდინარეობს მისი შემდგომი დამუშავებისა და გადაბირების მიზნით. ფსბ აქტიურად ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული სასაზღვრო ზოლის კონტროლს სადაც ამკაცრებს კონტრსადაზვერვო რეჟიმს, რათა არ მოხდეს ინფორმაციის გადინება. ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ე.წ. სამხრეთ ოსეთის-ალანიას სამმართველოს უფროსი 2006 წლიდან გახლავთ გენერალ-მაიორი ვლადიმირ შვეცოვი. ფსბ-ს საზღვრის დაცვის აფხაზეთის სამმართველოს უფროსად 2015 წელს დაინიშნა დიმიტრი იუდინი. აღსანიშნავია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ფსბ-ს სამმართველოს არსებობა რუსეთის ფედერაციის უშუალო იურისდიქციას ნიშნავს, ხოლო აფხაზეთის შემთხვევაში იქ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური სასაზღვრო ძალების საშუალებით და საზღვრის დაცვის მიზეზით აკონტროლებს სიტუაციას ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

საქართველოს ტერიტორიაზე სტრატეგიულ დაზვერვას აწარმოებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური. საგარეო დაზვერვის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სამიზნე ქვეყანაში აგენტურული ქსელების შექმნა და ინფორმაციის მოპოვება. ძირითად დასაყრდენს დიპლომატიური საფარი წარმოადგენს. რუსეთის სხვა სპეცსამსახურებისგან განსხვავებით სვრ. აქცენტს აკეთებს ქვეყნის ელიტაზე: პოლიტიკურ სპექტრზე (გავლენის აგენტები), აღმასრულებელ შტოზე, სამეცნიერო წრეებზე, NGO-სა და მედია საშუალებების წარმომადგენლებზე. იყენებს რა რბილი ძალის პოლიტიკას რუსეთის სპეცსამსახურები ცდილობენ საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამებითა და კულტულური ღონისძიებებით შექმნან პერსპექტიული აგენტურა, ინფორმაციის წყაროები. სვრ-ი ცდილობს პოზიციები მოიპოვოს ქართულ ეკლესიში და მიიმხროს სასულიერო პირები, იციან რა რამდენად ფასეულია ეკლესია და რელიგია საქართველოსთვის, ერთმორწმუნეობით ცდილობენ მანიპულაციის მოხდენას საზოგადოებრივ აზრზე და ოკუპაციისა, თუ სხვა სამხედრო დანაშაულებების გადაფარვას. სვრ-ისთვის უმნიშვნელოვანესია სამიზნე ქვეყნის კონტრდაზვერვითი რეჟიმის შესწავლა რათა ადვილად მოხდეს სასურველი ობიექტების გადაბირება სხვადასხვა გზებით: იდეოლოგიურ, რელიგიურ და ეთნიკურ საფუძველზე, გადმოსაბირებელი კანდიდატის თანამშრომლობაზე თანხმობის მიღების მიზნით ხშირად გამოიყენება მოსყიდვა და შანტაჟი. არსებობენ შემდეგი სახის ინფორმაციის წყაროები: ინფორმატორები-მოსახლეობაში, გავლენის აგენტები-ისტებლიშმენტში და თხუნელები-სპეცსამსახურებში. გადმოსაბირებელი ობიექტები მტრული ქვეყნის დაზვერვის სამსახურის მიერ შეირჩევა იმ შემთხვევაში თუ მას გააჩნია აგენტურული შესაძლებლობები (აგენტურული წვდომა), კერძოდ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების ერთობლიობა, რომლებიც განაპირობებენ აგენტის შესაძლებლობას, შეასრულოს კონკრეტული სადაზვერვო ამოცანა, ეს განისაზღვრება: სამსახურებრივი და საზოგადოებრივი მდგომარეობით, სამუშაო ადგილით, თანამდებობით, განათლებით, კვალიფიკაციით, პიროვნული თვისებებით, დაზვერვისათვის სასარგებლო ნათესაური, საქმიანი და სხვა კავშირებით, დასაზვერ ობიექტებზე დაზვერვისათვის საინტერესო საიდუმლო დოკუმენტებთან წვდომის არსებობით.
მას შემდეგ რაც რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა საელჩოც დაიხურა, თუმცა გაიხსნა რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექცია, რომლის თანამშრომლების 80% როგორც ამას სპეცსამსახურების პრაქტიკა გვიჩვენებს საფარქვეშ მოქმედი სპეცსამსახურების ოფიცრები უნდა იყვნენ, რომელთა ფუნქცია ძირგამომთხრელი საქმიანობის წარმოება და აგენტურული ქსელების შექმნა გახლავთ. რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საფარი გახლავთ რუსული ინვესტიციები და რუსული ბიზნესკომპანიები საქართველოში. მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ე.წ. „არალეგალები“, დაზვერვის სპეციალური თანამშრომლები, რომლებიც ინტეგრირებული არიან უცხო გარემოში, რათა შეასრულონ კონკრეტული ამოცანა. აგენტი არალეგალი ხშირ შემთხვევაში ფიქტიური დოკუმენტებით მოქმედებს მოწინააღმდეგე ქვეყნის ტერიტორიაზე შეთხზული ლეგენდის საფარქვეშ, საწყისი საშუალო კაპიტალით, სპეციალური მომზადებისა და ინსტრუქტაჟის შემდეგ არალეგალები იგზავნებიან სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ის უნდა მოერგოს უცხო გარემოს, იცხოვროს სამიზნე ქვეყანაში და გაიმყაროს პოზიციები იქნება ეს ბიზნეს, თუ სახელმწიფო სექტორში და პარალელურად აწარმოონ ჯაშუშური საქმიანობა. არალეგალებისთვის „ლეგენდის“, გამოგონილი ბიოგრაფიის შექმნის მიზნით ჯერ კიდევ კგბ-ში არსებობდა სპეც. განყოფილება, რომლის თანამშრომლები სასაფლაო ქვებიდან იწერდნენ საუკუნეზე მეტი ხნის წინ გარდაცვლილთა გვარებსა და სახელებს, შეისწავლიდნენ გარდაცვლილთა ბიოგრაფიებს და აკერებდნენ არალეგალებს, კარგად შემუშავებული ლეგენდა არალეგალის წარმატებული ოპერატიული საქმიანობის საწინდარი გახლავთ. რუსეთის ფედერაციის ყველა საელჩოში მსოფლიოს მასშტაბით განთავსებულია რეზიდენტურები, ლეგალური ანუ საზღვარგარეთ არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობათა საფარქვეშ მოქმედი რეზიდენტურა არის სადაზვერვო სამსახურის ძირითადი რგოლი, რომელიც ორგანიზებას უწევს და პრაქტიკულად ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას საზღვარგარეთ, ხოლო რეზიდენტი არის დაზვერვის სამსახურის გამოცდილი თანამშრომელი, რომელიც ხელმძღვანელობს ლეგალურ რეზიდენტურას უცხო ქვეყანაში. ხშირად რეზიდენტურა გადმობირებულ აგენტს იმ დონეზე შეასწავლის ჯაშუშობის ხელოვნებას, რომ უკვე თავად გადმობირებული აგენტი მუშაობს სხვა წყაროების გადმობირებაზე და ქმნის აგენტურულ ქსელს, მას ამ შემთხვევაში მთავარი აგენტი ეწოდება. „ცივი ომის“ პერიოდში 1975 წ. საბჭოთა კონტრდაზვერვამ აშშ-ის საელჩოს რეზიდენტურის სადაზვერვო ოპერაცია გამოავლინა. აშშ-ს რეზიდენტურამ მოჟაევსკის რაიონში დაამონტაჟა ორი სპეციალური რადიოელექტრონული მოწყობილობა, რომლებიც სამხედრო ობიექტებიდან მომავალი გამოსხივების გადასაჭერად იყო გამიზნული. მოპოვებული ინფორმაცია სსრკ-ს ორბიტაზე ხშირად გადამფრენ სატელიტს უნდა მიწოდებოდა, მაგრამ აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებზე საბჭოთა კონტრდაზვერვის მუდმივი მეთვალყურეობის გამო ოპერაცია ჩავარდა, რაც ვფიქრობთ სამიზნე ქვეყნის კონტრსადაზვერვო რეჟიმის სათანადოდ შეუფასებლობის მიზეზით მოხდა.
რუსეთის სპეცსამსახურები თავიანთი მიზნების მისაღწევად იყენებენ ისეთ მეთოდებს, როგორიც არის: დეზინფორმაციის გავრცელება, პროპაგანდა, შანტაჟი, მაკომპრომეტირებელი მასალის შეკრება, საინფორმაციო ომი და დისკრედიტაცია-შავი პიარი, ტექნოლოგიების აქტიური ჩართვა სადაზვერვო სამიქნობაში, ასევე კორუფცია, ეს არის ის არასრული ჩამონათვალი, რასაც რუსეთის სპეცსამსახურები აქტიურად იყენებენ სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებისას. რუსეთის სპეცსამსახურები მუშაობისას ძირითადად აქტიურად იყენებენ დეზინფორმაციულ კამპანიას და დისკრედიტაციას. რუსეთის სპეცსამსახურებისთვის მნიშვნელოვანია აქტიური ღონისძიებების წარმოება შემდეგი მიზნების მისაღწევად:
საქართველო და ისრაელი იდენტურ სიტუაციაში იმყოფებიან, ორივეს აგრესიული და არაპროგნოზირებადი კონფლიქტი აქვს მოსაგვარებელი. ვფიქრობ ისრაელის გამოცდილება დიდია და ფასეული იქნება ჩვენთვის მისი გაზიარება, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს სპეცსამსახურებმაც დიდი ევოლუცია და გარდასახვა მოახდინეს. საქართველოს სხვადასხვა სპეცსამსახურის უამრავი კადრი გადამზადდა და განათლება მიიღო დასავლეთის ქვეყნებში, აშშ-სა და ევროპაში, დასავლეთის გამოცდილების გაზიარებით საქართველოში შექმნილია სასწავლო და მოსამზადებელი ცენტრები და იქმნება ახალი სახელმძღვანელოები. საქართველოს უსაფრთხოების სისტემა შემდეგნაირად გამოიყურება: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვა, საქართველოს დაზვერვის სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო. აღნიშნული სპეცსამსახურები და სამართალდამცავი ორგანო კოორდინირებულად საქმიანობენ და მოქმედებენ თავიანთი კომპეტენციიდან გამომდინარე ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სუს-ისთვის მთავარი გამოწვევა ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა და იქ განთავსებული უცხო ქვეყნის სამხედრო ძალაა. ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიაზე დიდი ოდენობით რუსული სამხედრო კონტინგენტი, თანამედროვე ტიპის მძიმე შეიარაღება, მათ შორის, შეტევითი სამხედრო ტექნიკის არსებობა, სახელმწიფოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს.
რუსეთის ფედერაციის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის მცდელობა, იქ არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარება (გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანების გატაცებები, ყაჩაღობები, მკვლელობები, მოსახლეობაზე თავდასხმა), ქართული მოსახლეობის დისკრიმინაცია, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება (ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით), ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი (მავთულხლართების, ღობეების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვა და ტრანშეების გათხრა), თავისუფალი გადაადგილებისა და განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ინტენსიური სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის რუსული სამხედრო თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და უპილოტო საფრენი აპარატების მიერ დარღვევის ფაქტები და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევა საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეების შეკავებისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან ანექსიის პროცესებისთვის ხელშეშლის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახდენს ადგილზე არსებულ ვითარებაზე პერმანენტულ დაკვირვებას, განვითარებული პროცესების შეფასებას, ატარებს შესაბამის ღონისძიებებს, აქტიურად მონაწილეობს ანტიანექსიური პოლიტიკის, ასევე დეოკუპაციის მიმართულებით ნაბიჯების შემუშავებასა და განხორციელებაში. ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებისა და იქ განვითარებული პროცესების შესახებ მუდმივად მიეწოდება შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
უსაფრთხოების სამსახური, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცულობის უზრუნველყოფის მიზნით, მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით, სხვა პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად, ახორციელებს ადგილზე უსაფრთხოების ღონისძიებების კოორდინაციას.

კონტრდაზვერვითი საქმიანობა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ხორციელდებოდა საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის, გეგმების, მოქმედებების არეალის, მათ მიერ გამოყენებული ძალებისა და საშუალებების, მოქმედების ფორმებისა და მეთოდების, დაინტერესების ობიექტებისა და კავშირების შესწავლა, ასევე სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ქმედებების გამოვლენა და აღკვეთა.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირებისა და სახელისუფლებო წრეების უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისგან დაცვას, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების ყოველგვარი ზეწოლისა და მანიპულაციის გარეშე მიღების მიზნით.
აქტიურად მიმდინარეობდა ეროვნული უსაფრთხოების სტრუქტურების უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების შეღწევისაგან დაცვის ღონისძიებები. ხორციელდებოდა უსაფრთხოებისა და სადაზვერვო სისტემიდან ინფორმაციის გადინებისა და ხსენებულ ორგანიზაციებში დეზინფორმაციის მოხვედრის/გავრცელების პრევენცია, ჯაშუშების შეღწევის შესაძლო არხების გამოვლენა და შესაბამისი კონტრღონისძიებების გატარება.
საქართველოს თავდაცვის დანაყოფების კონტრდაზვერვითი უზრუნველყოფის კუთხით მიმდინარეობდა მუდმივი მონიტორინგი იმ პირთა მიმართ, რომლებიც შესაძლოა, კავშირში იმყოფებოდნენ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან და შესაბამისად, ეწეოდნენ დესტრუქციულ და ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას.
უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სახელმწიფო უსაფრთხოებისათვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების დაცულობას. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მომზადებულია და მთავრობის 2015 წლის 18 ნოემბრის №584 დადგენილებით დამტკიცებულია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების ნუსხა. ხსენებული სტატუსი განისაზღვრა 25 სუბიექტის მიმართ და თითოეულს, სპეციფიკის გათვალისწინებით, დაუდგინდა შესაბამისი რეჟიმი. უსაფრთხოების სამსახურის ურთიერთობები მაღალი რისკის სუბიექტებთან ხორციელდება შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. ამით საბოლოოდ ითქვა უარი ე.წ. ოდეერების ინსტიტუტზე.
სუს-ი ახდენს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკის მქონე სუბიექტების კონტრდაზვერვით უზრუნველყოფას. მუდმივად მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული მუშაობა მაღალი რისკის მქონე სუბიექტების უსაფრთხოების ამაღლებისა და კონტრსადაზვერვო უზრუნველყოფის მიზნით.
ბოლო პერიოდში, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ადგილი აქვს აღნიშნული რეგიონიდან მოსახლეობის მიგრაციას დასავლეთის ქვეყნების მიმართულებით. ისინი ერთ-ერთ მარშრუტად საქართველოს ტერიტორიას მოიაზრებენ. ამ კუთხით განსაკუთრებით საყურადღებოა ისლამის რადიკალური მიმდინარეობის წარმომადგენელთა საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალური თუ არალეგალური გზით მოხვედრის ალბათობა, რომელთა გარკვეული ნაწილი უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების დაინტერესების ობიექტს წარმოადგენს. უსაფრთხოების სამსახური მონიტორინგს ახორციელებს ქ.თბილისის, ქ.ქუთაისის და ქ.ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების გადაადგილებაზე, მათ შორის შესაძლო ოპერატიულად საყურადღებო პირთა და მათი კონტაქტების გამოსავლენად. ნიშანდობლივია, რომ სასაზღვრო კონტროლის გავლის პროცესში საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამო, შემაფერხებელი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის პირს ეკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთა.
ტერორიზმთან ბრძოლა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა. თანამედროვე მსოფლიოში ტერორიზმის გლობალური საფრთხე ცვალებადი, არაპროგნოზირებადი და მზარდია. გლობალური ტერორისტული საფრთხის ყველაზე მკაფიო გამოვლინებაა ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“. თუმცა, ამით არ მცირდება სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებთან („ალ-ქაიდა“, „თალიბანი“ და სხვა.) ასოცირებული საფრთხეები.
ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები უარყოფითად აისახება კავკასიის რეგიონზეც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, აღნიშნული მიმართულებით არსებობს გარკვეული გამოწვევები. „ისლამურმა სახელმწიფომ“ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მხარდამჭერთა გარკვეული რაოდენობა შეიძინა. ისლამისტური იდეოლოგიის გამავრცელებლები ცდილობენ, საზოგადოების გარკვეული ნაწილის დაბალი ცნობიერება მათ სასარგებლოდ გამოიყენონ. ბოლო დროს გავრცელებული ვიდეომიმართვებიც, ერთის მხრივ, გარკვეული აუდიტორიის რადიკალიზებას, ხოლო, მეორეს მხრივ, საზოგადოების დაშინებას ემსახურებოდა. ამჟამად ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში რამდენიმე ათეული საქართველოს მოქალაქე იბრძვის. არიან საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მსურველებიც. მათი ტერორისტულ საქმიანობაში ჩართულობა აზიანებს ქვეყნის იმიჯს და საფრთხის შემცველია სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის.
საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საკუთარ ტერიტორიაზე ნებისმიერი ტერორისტული საქმიანობის პრევენცია და აღკვეთა, რადგან აღნიშნული შესაძლებელია ცალკეული სახელმწიფოების მიერ საკუთარი სამხედრო და პოლიტიკური მიზნებისთვის იქნას გამოყენებული. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უმთავრესი ამოცანაა ქვეყნის მიმართ ტერორისტული რისკების შემცირება, სახელმწიფოს, მისი ინტერესებისა და მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისაგან დაცვა.

სამხედრო საფრთხეები
2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამ ცხადი გახადა, რომ რუსეთის ფედერაცია საკუთარი ვიწრო ინტერესების რეალიზების მიზნით მზად არის ღიად დაუპირისპირდეს საერთაშორისო სამართლის იმ ფუძემდებლურ პრინციპებს და ნორმებს, რომელიც თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ქვაკუთხედს წარმოადგენს. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, სახელმწიფოებრიობას და პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური დესტაბილიზაციის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს. რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სამშვიდობო ძალების არყოფნა, ოკუპირებული ტერიტორიების გამალებული მილიტარიზაცია ზრდის პროვოკაციების რისკს და ახალი სამხედრო აგრესიის შესაძლებლობასაც. რუსეთის ფედერაციის მთავარ სამიზნეს საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის რეალიზაციისთვის ხელის შეშლა და საქართველოს რუსულ ორბიტაზე ძალადობრივი გზით დაბრუნება წარმოადგენს. ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მიუხედავად, რუსეთმა ვერ შეძლო საკუთარი მიზნების მიღწევა და ვერ შეაჩერა, როგორც საქართველოს სწრაფვა ევროპული და ევროატლანტიკური სივრცისაკენ, ასევე ქვეყნის განვითარება და დემოკრატიული კონსოლიდაციის პროცესი. რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად შექმნილი რეალობა არ არის მისაღები რუსეთის მმართველი პოლიტიკური ელიტისთვის. არსებული სტატუს-კვოს რუსეთის მმართველი პოლიტიკური ელიტისთვის მიუღებლობა ზრდის რუსეთიდან მოსალოდნელ საფრთხეებს და რისკებს. ამ თვალსაზრისით, ასევე მნიშვნელოვანი რისკების შემცველია ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუაცია. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამეფებული უკანონობა, მარიონეტული რეჟიმების უკანონო შეიარაღებული და კრიმინალური დაჯგუფებების არსებობა, უარყოფითად აისახება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე და ზრდის პროვოკაციების და ინციდენტების რისკებს, განსაკუთრებით ოკუპაციის ხაზის მიმდებარე რაიონებში. ამავდროულად, საქართველოს და მთლიანად რეგიონის სტაბილური და უსაფრთხო განვითარებისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში კონფლიქტური კერების არსებობა. აღნიშნული კონფლიქტების საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო გადმოდინება წარმოადგენს გამოწვევას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისათვის. გარდა კონფლიქტების საქართველოს ტერიტორიაზე შესაძლო გადმოდინებისა, რეგიონში არსებული კონფლიქტების ინტენსიურ ფაზაში გადასვლა და სამხედრო მოქმედებების შესაძლო განახლება სხვა საფრთხეებთან ერთად გამოიწვევს ჰუმანიტარულ კრიზისს, შექმნის რა ლტოლვილთა დიდ ნაკადებს და ლტოლვილებთან ერთად ქვეყანაში არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებების შემოღწევის საშიშროებას. გარდა ამისა, ხელს შეუწყობს კონტრაბანდისა და სხვა სახის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ზრდას. ასევე, გააუარესებს რეგიონის უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს შეუქმნის კავკასიაში არსებულ სატრანსპორტო და ენერგო-პროექტებს. სწორედ აღნიშნული საფრთხეების პრევენციის მიზნით საქმიანობს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი. ის მოიპოვებს წინმსწრებ ინფორმაციას საფრთხეებზე, რომლებიც შესაძლებელია დაემუქროს სახელმწიფოს რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის ფორმით ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტი წელიწადში დაახლოებით რვა ტომის მოცულობის სპეციალურ კრებულს გამოსცემდა, რომელშიც, ღია წყაროებით მოპოვებული ინფორმაციების გარდა, თავს იყრიდა აგენტურის გზით მიღებული ინფორმაცია. ხდებოდა მათი გადამუშავება და დაზუსტება მოსალოდნელი საფრთხეებისა, რომელთა მიხედვითაც სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შემდგომი მოქმედების გეგმა უნდა შეემუშავებინა. სამხედრო დაზვერვის ყურადღებას განსაკუთრებით სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტური ზონები იპყრობს, აქტიურად საქმიანობს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და სასაზღვრო ზოლში, თუმცა არის სხვა აქტივებიც. სამხედრო დაზვერვის ოფიცრები ხშირად არალეგალურად მოქმედებენ ცხელ წერტილებსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც ისინი პირის